პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს და პარლამენტს მათი არჩევის რეკომენდაციით მიმართა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ ასარჩევი გენადი მაკარიძის, თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. კენჭისყრის პროცესს მმართველი პარტიის გარდა, ესწრებოდა ორი ოპოზიციური პარტია: “მოქალაქეები” და “ევროპელი სოციალისტები“. ოთხივეს წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატთან გასაუბრება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 25-26 ნოემბერს ჩაატარა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს.