თუ ოპტიმალური დაცვა გსურთ, ნამდვილად უნდა მიიღოთ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა დაცვის ოპტიმალური ვარიანტია.
„რაც შეეხება ოფიციალურ მოთხოვნას, ჯერ კიდევ საუბარია Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების ორ დოზასა და J&J-ის ვაქცინის ერთ დოზაზე. თუმცა, მონაცემებს თუ გადახედავთ, სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ თუ ოპტიმალური დაცვა გსურთ, ნამდვილად უნდა მიიღოთ ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა“, – აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.
ენტონი ფაუჩის თქმით, თვეები დასჭირდება იმის გარკვევას, საჭიროა თუ არა ვაქცინის ყოველწლიური გამაძლიერებელი დოზები.
„ვიმედოვნებ, რომ იმუნოლოგიური თვალსაზრისით, ვაქცინის ერთი გამაძლიერებელი დოზა საკმარისი იქნება 6 თვეზე მეტი ვადით დაცვის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.