ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებას არც მისი მენიუ აინტერესებს და არც მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც ექსპრეზიდენტი იღებს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. მის პირად ექიმს და მის ოჯახის წევრებს, გასაგებია, რომ შეიძლება აღელვებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და გამომდინარე აქედან, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ამის ინტერესი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი ასევე გამოეხმაურა 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას და აღნიშნა, რომ საზოგადოება არ ემხრობა აქციებს და დროა ოპოზიციამ “მზადება და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის.