სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 15 მილიარდ 997 მილიონ ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.1% შეადგინა. მშპ ერთ სულზე კი 4 290 ლარია ($1 375).
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%).
კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (კლება 29.7%), განათლება (7.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (2.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (3.9%).
საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.7%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.9%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.4%), მშენებლობა (8.4%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.2%), სახელმწიფო მმართველობა (5.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0%).
ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. მთავრობის გათვლებით, 2022 წლის ბოლოს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე არსებული $4 255-დან $5 500-მდე გაიზრდება. მათივე პროგნოზით, მიმდინარე წელის ორნიშნა ზრდით დასრულდება.