“გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყველაფერი პოლიტიკური თამაშია, რაში მონაწილეობაც არ სურს და შესარიგებელიც არავისთან არაფერი სჭირს, რადგან ნაჩხუბარი არავისთანაა.
ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გათავისუფლდეს, მათ შორის ოპოზიციური პარტია პრეზიდენტის მიერ მის შესაძლო შეწყალებასაც უშვებს.
„ესეც რაღაც პოლიტიკური თამაშია, რაში მონაწილეობაც არ მინდა – ამას იმის გამო აკეთებს („ნაციონალური მოძრაობა“), მათ შორის ასე პოზიტიურად ამიტომ აფასებენ ამ პროცესს საჯაროდ, რადგან კონკრეტული პრობლემა აქვთ, ლიდერი ჰყავთ ციხეში და იციან, რომ პრეზიდენტს ფორმალურად ეს ბერკეტი აქვს, რომ შეიწყალოს. ამიტომ, ყველანაირად ეცდებიან, რომ იქნებ ზურაბიშვილმა ეს ბერკეტი გამოიყენოს და მათი ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან. ისინი ცდილობენ ყველა გზის გამოყენებას, ოღონდ ლიდერი გამოიყვანონ ციხიდან, რაც ბუნებრივი ამბავია.
შერიგება რას ნიშნავს? ნაჩხუბრები არიან? მე არავისთან შესარიგებელი არ მაქვს. შეიძლება კრიტიკული ვიყო ბევრის მიმართ, მაგრამ არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ და შესარიგებელი არაფერი მჭირს. თუ რამე მოხდება, უნდა მოხდეს შეთანხმება სამართლიან თამაშის წესებზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსთან“.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ სჯერა ასეთი აქციების და შედეგიც არ იქნება.