დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც – შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციას.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის მათზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პროტესტის ამ ფორმას ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით.
„გაუგებარია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რატომ მიიღო, იმ პირობებში, როცა სამოქალაქო თანხმობაზეა საუბარი და ისინი ამ პროცესში ჩართვაზე უარს არ ამბობენ. შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. პროტესტის იმ ფორმის გამოყენება, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება მოჰყვეს. შიმშილობა ისეთი მოთხოვნებით გამიგია, რაც უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ დამოკიდებულება – „გახსენით კარი და გამოუშვით კაცი ციხიდან“ – ასეთი შიმშილობა არ გამიგია. შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან,“ – განაცხადა იოსელიანმა.