სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა – ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში, საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი, კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით გარკვეული ბრძოლა მიმდინარეობს სააკაშვილსა და მელიას შორის და ამასთან კავშირშია საქართველოში თემურ ალასანიას ჩამოსვლაც.
“მსურს, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა მოქალაქეს, მათ შორის მათაც, ვინც პროტესტს გამოხატავს. სააკაშვილის დავალება, რომ მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, ვთვლი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ ამ ფორმით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა ნიკა მელიასა და გვარამია-სააკაშვილს შორის, ასე იკვეთება და ეს მეორე ჯგუფი ცდილობს, როგორმე ნიკა მელია ჩაანაცვლოს ან შეასუსტოს, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა. ვიდრე სააკაშვილი პატიმრობაშია, ცხადია, ნიკა მელიას თანამდებობას და მის გავლენას პარტიაში საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, გარკვეულ კავშირში უნდა იყოს თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლა, რომელიც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი გახლავთ და ასევე, ამასთან კავშირში უნდა იყოს ოპოზიციის მიერ მართული ტელევიზიების შიგნით ფინანსური კრიზისი და ის განცხადებები, რაც ტელევიზიების შიგნით კეთდება.
აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიმართ და სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა, რასაც ისინი შიმშილობას ეძახიან, სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა შენ ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია, ხოლო ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა ლიდერობა. თუმცა ვიცოდით, როგორი ხელმძღვანელი იყო სააკაშვილი, მათ შორის, გორში, თვითმფრინავის გამოჩენაზე ის გაიქცა და თავისი ფრანგი კოლეგა მიატოვა. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს ის, რომ საკუთარი მხარდამჭერები ქუჩაში, საშიმშილოდ კარვებში დასვეს მაშინ, როცა დიდი, კეთილმოწყობილი ოფისი აქვთ,”- განაცხადა თალაკვაძემ.