თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და თანამდებობის გაუქმების საკითხის კომენტირებისას.
„თვითონ რეფორმის შესატყვისის საკანონმდებლო ინიციატივა მე არ მინახავს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო. საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.