აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უწყების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
ელჩის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კანონის მიღებამდე პარლამენტს საქმიანობის გასაძლიერებლად რეკომენდაციები წარუდგინა, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
“შემაშფოთებელია, რომ უწყების გაყოფის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღების პროცესი წარიმართა ნაჩქარევად, კონსულტაციების გარეშე, მათ შორის – კონსულტაციები არ ყოფილა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დაინტერესებულ პირებზე. კანონის მიღება გაუმჭირვალედ მიმდინარეობდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისმა ოფისმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა საკანანომდებლო შეთავაზება, თუ როგორ უნდა გაეძლიერებინა უწყების ფუნქციონირება. პარლამენტის მიერ კანონის მიღებისას არც ერთი შეთავაზების გათვალისწინება არ მომხდარა, უბრალოდ სამსახური გაიყო ორ ნაწილად”. – თქვა კელი დეგნანმა.
ელჩი ასევე შეეხო ინსპექტორის სამსახურში დასაქმებულ პირთა შესაძლო გათავისუფლებას. მისი თქმით, პრობლემური და აუხსნელია რატომ დგას დასაქმებულ ადამიანთა გათავისუფლების საჭიროება.
“ისინი არიან ექსპერტები, რომლებიც წლებია საკუთარ საქმეს კეთლსინდისიერად ასრულებენ და პარლამენტის მხრიდან არ ყოფილა არანაირი კითხვის ნიშანი თუ საჩივარი მათ მიმართ. პარლამენტს აქვს უფლება, აკონტროლოს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობა – მიუხედავად ამისა, როცა უწყებამ ყოველწლიური აქტი წარუდგინა პარლამენტს, მათ არ ჰქონიათ არც კითხვა და არც საჩივარი ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამიტომ რთულია გავიგოთ, რატომ არის აუცილებელი მარტისთვის გათავისუფლდეს ყველა თანამშრომელი. რატომ ვეღარ უნდა შეძლოს გამოცდილების მქონე, ნიჭიერმა ადამიანებმა მუშაობის გაგრძელება? პროცესი დაჩქარებულია, მაშინ როცა ამის საჭიროება არ დგას”. – ამბობს დეგნანი.