23.11.2024

ილია მეორე – ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება – აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება

ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება – აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს საშობა ეპისტოლეში.

ეპისტოლეს თანახმად, ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც.

როგორც ეპისტოლეში წერია, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

„მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში, ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე აღმოვჩნდებით.

გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია: ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.

,,სიცოცხლე ან სიკვდილი“, – ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია გადასადგმელი.

„აირჩიე სიცოცხლე“, – მოგვიწოდებს მოციქული.

მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას, მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.

ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის, რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას, ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.

მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე, უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა? … მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? …

რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.

ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა, ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის, ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.

„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), – ბრძანებს მაცხოვარი.

„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი … ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი …“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა … შეცოდებით მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), – ვკითხულობთ “ახალ აღთქმაში”.

სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა დამოკიდებული.

„ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), – ბრძანებს მოციქული. ხოლო რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის, სინათლის წყაროს, – ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.

უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.

ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან „ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა“, – წერია ეპისტოლეში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img