ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება არ უნდა შეუჩერდეს, ვისურვებდი, „ქართულმა ოცნებამ” გამოავლინოს გონიერება და ეს საკითხი არ დაისვას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუ ეს საკითხი დაიძრა, ცხადი იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. მისივე თქმით, პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ საქმე გვქონდა სწორედ ამასთან.
„ჩვენ, როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში იყო, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაშიც ამის წინააღმდეგი ვიქნებით. ერთადერთი მხარი დავუჭირეთ მამუკა ხაზარაძის და ზურა ჯაფარიძისთვის მანდატის შეჩერებას, რადგან თვითონ ითხოვდნენ, თუ ადამიანს არ უნდა პარლამენტის წევრი იყოს, ძალით ხომ არ დააბამ?! თუ ბადრი ჯაფარიძეზე დაიწყო პროცედურა, ჩემთვის ცხადი იქნება, ეს იქნება პოლიტიკური ანგარიშსწორება. ერთია ხაზარაძის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ პირველივე დღიდან ცხადი იყო, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის დასტური იყო. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორია პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – განაცხადა ელისაშვილმა.