მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიას ტოვებს. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფედერალურ სასამართლოში აპელაციის შემდეგ სასამართლო დავა წააგო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის სარჩელი ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყვეს.
ჩოგბურთელმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს ქვეყნის დატოვების პროცესში და ღია ჩემპიონატში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
მთავარმა მოსამართლემ ჯეიმს ალსოპმა გამოაცხადა, რომ სასამართლომ ერთხმად არ დააკმაყოფილა ჯოკოვიჩის განაცხადი და ძალაში დატოვა იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება. მისი თქმით, სასამართლოს ფუნქცია გადაწყვეტილების შინაარსობრივი მხარის გადახედვა არ არის.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად 6 იანვარს გაუუქმეს. ქვეყანაში ის ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა საკმარისი საბუთი, რომ აუცრელს გამონაკლისის სახით ქვეყანაში შესვლის ნებართვა ჰქონდა. სპორტსმენმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გაატარა.
ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო. თუმცა 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰავკმა ჯოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ გაუუქმა. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონმდებლობით ჰავკს უფლება აქვს, დაადეპორტოს პირი, რომელიც მისი აზრით, “ავსტრალიის საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და წესრიგს” საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ვიზის ხელმეორედ გაუქმებდამდე სერბმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.
ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.