ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის – საქართველოს მესამე პრეზიდენტი შინა პატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.
მიტროპოლიტი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ინიციატივას დათანხმდება.
„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში” ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.