ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია – ეს ხალხი ვერ იაზრებს, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ის ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.
„რატომ აგვიანებს ხელისუფლება რეაგირებას? – არაკომპეტენტურობა. ადამიანებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ვინაიდან, მთავრობის წევრი ჰქვია, ევროპარლამენტარებს იქეთ უნდა შევუღრინოთ, აქ რა დასასვენებლად ჩამოდიხართ, თქვენ ვინა ხართ საერთოდ, რა ჭკუას გვასწავლით, ჩვენ ხომ რუსთაველის ქვეყანა ვართ? – ამჩატებულია ხალხი ძალაუფლებისგან და იმ წარწერებისგან, რაც კაბინეტზე თუ სავიზიტო ბარათში აწერია, ვერ იაზრებს ეს ხალხი, რომ აქ საუბარია სახელმწიფოებრივ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია.
ახალი წლის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძე ფრაქციის თავმჯდომარე, სალომე სამადაშვილი, მე პირადად შევხვდით ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს და შევთავაზეთ, ვთხოვეთ, ინიცირებულია პროექტი, დაიქცა ქვეყანა, ვხედავთ სადამდეა მისული. გახსენდებათ ამაზე უფრო ცხელი მოსამზადებელი პერიოდი? საქართველოში შემოჭრა უცებ მოხდა. ვერც კი გაიაზრა მსოფლიომ რა ხდებოდა. ყირიმშიც ასევე მოხდა. ასეთი რაღაცები ხდება, არცერთი დღე არ არის დასაკარგი. აგერაა პროექტი და სწრაფად დავიწყოთ მისი განხილვა საკომიტეტო მოსმენის დონეზე, რომ თებერვალში პირველივე შეკრებაზე მივიღოთ ეს რეზოლუცია. პასუხი იყო, რომ ეს ოპოზიციის ინიცირებულია და უმრავლესობას გაუჭირდება მასზე მხარდაჭერა. ვიკითხეთ, რომელიმე სიტყვა, წინადადება არ მოგწონთ? ერთი ცალი გვითხარით, დაადეთ ხელი. მაგრამ არა, იმიტომ რომ ოპოზიციისაა.
ჩვენ არ ვაპირებთ, ასე ზერელედ და ბავშვურად მოვეპყრათ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს და იქვე ვუთხარით, გააკეთეთ ინიცირება პროექტის, თქვენი სტილით იყოს და ჩვენ იმას დავუჭერთ მხარს, ოღონდ სწრაფად ვქნათ ეს ყველაფერი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, ვის მიერ იქნება ინიცირებული, არამედ რა წერია და რომ საქართველო ერთსულოვანია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.