როდესაც კონსტიტუციაში გვიწერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ამას რეზოლუციაში ასახვა არ უნდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არავის შეუძლია მიუთითოს რომელიმე ქვეყანას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ვგმობთ ყოველგვარ აგრესიას, რომელიც, შეიძლება, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყოს მიმართული, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს, ბუნებრივია, არავის შეუძლია, რომელიმე ქვეყანას მიუთითოს რომელიმე ქვეყანას, მაგალითად, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს, ამ რეზოლუციაზე არ ვსაუბრობ, სხვა რეზოლუციებზეც რომ იყოს საუბარი, სწორედ ამას ვუწოდებ პოპულიზმს, როდესაც კონსტიტუციაში წერია რაღაც პრინციპი, მაგალითად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით, ამას რეზოლუციის დონეზე ასახვა აღარ სჭირდება. ასეთ ზოგად პრინციპებზე დღეს ჩვენ შევთანხმდით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ე.წ. ოთხშაბათის წესი მუშაობს საიმისოდ, რომ დღეს, დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ. ამიტომ, თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, დღეს, დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. თუ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპებზე, რომლებზეც დღეს წინააღმდეგობა ვერავინ გასწია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო ტექსტი გვექნება და საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება, თუ იმ დეტალების გამო ვინმე უარს იტყვის, ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს ვერსიას დავარეგისტრირებთ და გავიტანთ კიდეც. დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
24 იანვარს ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციებს გამართავდნენ. რეზოლუციის ტექსტზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს მსჯელობდნენ.