გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას. ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი თხოვნა, მოწიწებული მოთხოვნა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა.
პრეზიდენტმა საყოველთაო თანხმობის პროცესში ქალთა როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაისში, საქართველოში კონფლიქტების საკითხზე ქალთა ლიდერების კონფერენცია ჩატარდება.
„ ამ პროცესში, არავის არ გეწყინოთ, რაღაც გარკვეული როლი ექნებათ ქალებს, ვიღაცამ უკვე თქვა, რომ გენდერული ნიშნით ჰყოფსო საზოგადოებას, არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ და მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი, სხვა ხედვა ცოტა. ეს არის ჯერ ერთი ჩვენს ტრადიციაში, მანდილიდან დაწყებული კრავაი ჯაყელით გაგრძელებული და ა.შ. ეს როლი ქალებისა არ იქნა გამოყენებული ამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში. დღეს დეპოლარიზაციასთან გამკლავებაში ქალებს აქვთ სხვა მიდგომები. მინდა ესეც გითხრათ, რომ მაისში აქ მოვიწვიე უკვე ქალთა ლიდერების კონფერენცია კონფლიქტების საკითხზე. ოღონდ არა მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტები, არამედ შიდა კონფლიქტიც, პოლარიზაცია. ლიდერი ქალები არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიზნესის და სხვა სფეროებიდან.
მე, ჩემი მხრივ, უკვე პირობა მოგეცით, რომ რამდენიც საჭირო იქნება შეიძლება ასეთი შეხვედრები გაიმართოს და თქვენც გთხოვთ რამეს ხომ შეიძლება? რომ გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე თქვენ არხებზე? ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას. ამაზე პასუხს არ გთხოვთ, გიტოვებთ როგორც თხოვნას. ყველასთვის არის ეს თხოვნა და ასევე საზოგადოებასთან იმიტომ, რომ სოციალური ქსელი, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები გამოდიან, არაა უფრო სახარბიელო სივრცე. ამიტომ ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი თხოვნა, მოწიწებული მოთხოვნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.