დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევების 95% “ომიკრონზე” მოდის და ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას.
“ვანგარიშობთ, რომ დაახლოებით, შემთხვევების 90-95% უკვე ომიკრონზე მოდის, ამიტომაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად არის მომატებული. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სისტემა პასუხობს ამ გამოწვევას, რადგან, როგორც ჩანს, ომიკრონი დელტასთან მიმართებაში შედარებით უფრო მშვიდად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დამძიმების თეორია ომიკრონსაც აქვს და როცა ამდენი აქტიური შემთხვევა გვაქვს, შესაძლოა, იყოს ზეწოლა, ასევე, ჰოსპიტალურ სექტორზე და გვქონდეს შემთხვევების ზრდა.
ჩვენმა მოსახლეობამ კარგად უნდა გავითავისოთ, ვაქცინაცია, განსაკუთრებით მესამე -ბუსტერული დოზა იცავს სერიოზულად ომიკრონით ინფიცირებისგან და რაც მთავარია, ჰოსპიტალიზაციისგან, გართულებებისგან, რომ ავადმყოფი არ მოხვდეს ინტენსიურში და რეანიმაციაში. მესამე დოზა, ბუსტერიზაცია დღეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. სასურველია, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ყველამ გაიკეთოს ბუსტერი, ამით ჩვენ ამ ომიკრონის ტალღას გაცილებით მსუბუქად გადავიტანთ.” – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.