თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ აშშ-მ შეადგინა იმ ადამიანების სია, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვიდან არიან და რომლებსაც რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებენ.
“შემიძლია დავადასტურო, შევიმუშავეთ კონკრეტული სანქციების პაკეტები რუსეთის ელიტისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მუშაობა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პირები არიან კრემლის შიდა წრიდან, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ან, სულ მცირე, კავშირი აქვთ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან.” – თქვა ფსაკიმ.
თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ამ ადამიანებიდან ბევრი განსაკუთრებით მოწყვლადი სამიზნეა, რადგან ისინი ფინანსურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული დასავლეთთან და სანქციები მათ დიდ ზიანს მიაყენებს.