Facebook-ის მომხმარებლების რაოდენობა და მათ მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის მოცულობა შემცირდა. ეს კომპანიის ისტორიაში დაარსების დღიდან პირველი შემთხვევაა.
Meta-ს მეოთხე კვარტლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ასახულია მომხმარებლებთა კლების მაჩვენებლები, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების თითქმის 26%-იანი გაუფასურება გამოიწვია. Meta-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 230 მილიარდი დოლარით შემცირდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლების შემცირება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ მომხმარებლები ალტერნატიულ პლატფორმებს ირჩევენ და მომავალში, შესაძლოა, Facebook-მა და Instagram-მა შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგონ.
Facebook-ის ანალიტიკოსებს კარგად ესმით, რომ ორგანზომილებიანმა (2D) სოციალურმა პლატფორმებმა, რომელთაც სმარტფონებითა და კომპიუტერებით ვიყენებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში Facebook-ის პოპულარობა იკლებს და მომხმარებლები კონკურენტი კომპანიების სოციალურ პლატფორმებს ირჩევენ, მაგალითად, TikTok-ს.
კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის აზრით, ინტერნეტის მომავალი სამგანზომილებიანია (3D), კომპანიის ძირითადი მიმართულება კი მეტავერსის, ანუ 3D ვირტუალური სამყაროს შექმნა უნდა იყოს.