ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან და უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული მმართველ ძალაზე, რომ ამათგან რაიმე პროევროპული ინიციატივა გამოვა, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნება” მუდმივად ატყუებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და ახლაც, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების გადავადებაზე საუბრობს, ამით მხოლოდ თავად დაზიანდება და რაიმე დივიდენდს ვერ მიიღებს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია “ქართულმა ოცნებამ” ისწავლოს, რომ არ შეიძლება მუდმივად მოტყუება საზოგადოების, პარტნიორების. მე ახლა დავბრუნდი ბრიუსელიდან და უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ხელი აქვთ ჩაქნეული მმართველ ძალაზე, რომ ამათგან რაიმე პროევროპული ინიციატივა გამოვა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქვეყანაზე არ ჩაიქნიონ ხელი გამომდინარე “ქართული ოცნების” ქმედებებიდან, მაგრამ ეს განცხადებები კარგად არის აღნუსხული, ყველაფერზე კარგად არის ჩამოყალიბებული კონკრეტული აზრი, რომ შეუძლებელია მუშაობა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც პატივს არ სცემს არც თავის ხელმოწერას, არც თავის სიტყვას. ჩვენ შევთანხმდით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს მიღებული ზუსტად იმ რედაქციით, რითაც იქნა მიღებული პირველი მოსმენით. ახლა რაღაც მანევრებია, რომლის მიზანი სიმართლე გითხრათ გაურკვეველია. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” წარმოადგენს უმრავლესობას ამ პარლამენტში, შესაბამისად, მათ ასეთი მანევრების ტარება შეუძლიათ, მაგრამ ასეთი ნაბიჯები მათ აზიანებთ და ის მცირე ნდობა, რაც იყო მათ მიმართ დარჩენილი, ისიც სრულიად განადგურებულია. “ქართული ოცნება” იმის გარდა, რომ კიდევ მეტად დაზიანდება ამ ნაბიჯების გამო, სხვა დივიდენდს ვერ მიიღებს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.