“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის ქალთა ორგანიზაცია ფუძნდება – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება, ხელს შეუწყობს “ქართული ოცნების” ქალი წევრების “კარიერულ ზრდას”.
“როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიასთან ქალთა ორგანიზაციის არსებობა ფართოდ დამკვიდრებული ევროპული პრაქტიკაა. ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიულ-პოლიტიკურ პროცესებში ქალების როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა გარემოებების გამო, ჩვენმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში შეძლო 64 კანდიდატიდან მხოლოდ სამი ქალის წარდგენა. ხოლო საკრებულოს კადიდატები არსებითად მხოლოდ ჩვენს მიერ შემოღებული საარჩევნო კვოტის ფარგლებში წარვადგინეთ. ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ ამგვარი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენს საზოგადოებაში მოცემულ ობიექტურ სურათს და ქალები მაღალ თანამდებობებზე ბევრად უფრო მაღალ წარმომადგენლობას იმსახურებენ. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის ქალი წევრების კარიერულ ზრდას და გზას გაუხსნის მათ მეტი წარმატებისკენ”.- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.