ამ ეტაპზე არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ ფოთში, ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კოდუას განმარტებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს დეტალურად ვერ შეაფასებს, ვინაიდან გამოძიება გრძელდება, თუმცა ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის გარკვეულ ვერსიებს განიხილავს.
„ამ ეტაპზე არის უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბრალდებულმა ეს დანაშაული ჩაიდინა. მტკიცებულებებს დეტალებში ვერ შევაფასებთ, ვინაიდან გრძელდება გამოძიება. რა თქმა უნდა, გამოძიებას გარკვეული ვერსიები აქვს, დასრულდება გამოძიება და ამის შემდგომ იქნება დამატებითი განმარტებები გაკეთებული. დაინიშნება ყველა საჭირო ექსპერტიზა, რაც ამ საქმეზე საჭირო არის“, – აღნიშნა ალექსანდრე კოდუამ.
ცნობისთვის, ფოთის საქალაქო სასამართლომ, ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოზე დაცვის მხარემ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, მოსამართლე დავით გელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
34 წლის ქალს გამოძიება ახალშობილის განზრახ მკვლელობას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, დედამ განზრახ მოკვლის მიზნით ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.