დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ომის გამოცხადების შესახებ გმობენ და საერთო განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა და მან თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა.
„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალური შეხვედრა დღეს გაიმართა და შეხვედრა თეთრი სახლის ცნობით, ერთი საათისა და 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
მასში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ, იაპონიის პრემიერმა კიშიდა ფუმიომ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრმა ბორის ჯონსონმა, ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.