უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინაში ომის მესამე დღის ბოლოს ჯამში მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი.
მათი ცნობით, უკრაინელებმა შეტაკებებისას ჩამოაგდეს 16 რუსული თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, გაანადგურეს 102 ტანკი, 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა და 540 სხვადასხვა ტიპის ბრონირებული მანქანა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ საოკუპაციო ძალების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდა ჯარისკაცები არიან, ვინც წინა შეტაკებების შემდეგ სუსტადაა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტების მთავარი ტაქტიკა პატარა ქალაქებისა და სოფლების დაკავებაა. შეიარაღებული ძალების, ეროვნული დაცვისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის დამსახურებით კი ისინი დიდი ქალაქების დაკავებას ვერ ახერხებენ.
მათი თქმით, მტრის მთავარ მიზნად კიევის აღება რჩება, თუმცა ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. რუსული ძალები მუდმივად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და თავს ესხმიან მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ობიექტებს.
„მტრის მთავარი მიზანი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ბლოკადაა. ეს განუხორციელებლად რჩება. მტერი მიმართავს საბოტაჟსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ისინი არ იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებს, მტერმა დააზიანა ნავთობის ბაზა ვასილკოვში და გაანადგურა გაზსადენი ხარკოვში. ოკუპანტები აგრძელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დაზიანებას.” – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.