უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიას მოუწოდა, დაანგრიოს ახალი რუსული კედელი ევროპაში და ითხოვა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა მხარი დაუჭიროს მისი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
„ეს არ არის ბერლინის კედელი – ეს არის კედელი ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და მონობას შორის და ეს კედელი უფრო დიდი ხდება ყოველ ბომბთან ერთად, რომელსაც უკრაინაში აგდებენ“, – მიმართა უკრაინის ლიდერმა გერმანელ კანონმდებლებს.
„ძვირფასო ბატონო შოლც, დაანგრიეთ ეს კედელი“, – სთხოვა ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს.
ამ ფრაზის გამოყენებისას ზელენსკიმ პირდაპირი პარალელი გაავლო აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის გამოსვლასთან, რომელიც 1987 წელს ბერლინის კედელთან იდგა. რეიგანი მიმართავდა საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს, რომ ბერლინის კედელი დაენგრია.