აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის შეჩერებას აპირებს.
„მე ახლა ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს პირიქით, თუ მოუსმენთ მის გუშინდელ კომენტარებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს,“- აღნიშნა ბლინკენმა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას დიპლომატიური გზით მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ძალების გაყვანას.
„ჩვენ ვაფასებთ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის და სხვათა ძალისხმევას, მაგრამ დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერ ჩართულობას დეესკალაციისთვის. ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყოველ დღე, პრაქტიკულად ყოველ წუთს ახორციელებს, სრულიად ეწინააღმდეგება ომის დასრულების ნებისმიერ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას,“- აღნიშნა ბლინკენმა.