უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა, მისი თქმით, თუ შეხვედრა ჩავარდება, ნიშნავს, რომ ეს „მესამე მსოფლიო ომია“. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებისთვის. მე მზად ვიყავი ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების გარეშე ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ომს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკების შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის „მესამე მსოფლიო ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, ასევე, CNN-ის ჟურნალისტს განუცხადა, „უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა“.
„მინდა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის უსაფრთხოების გარანტიები მივიღო. თუ ნატოს წევრები მზად არიან, დაგვინახონ ალიანსში, მაშინ გააკეთეთ ეს სასწრაფოდ, რადგან ხალხი ყოველდღიურად კვდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ იგი მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც ნატო უწევს უკრაინას.