გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სუს-ის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის მაღალჩინოსნები უკვე დაიკითხნენ.
როგორც შოთაძემ თქვა, ამ ეტაპზე საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს.
“მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება. ასე ვთქვათ, საკმაოდ დიდი საქმეა. ჩატარებულია მთელ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების არაერთი თანამშრომელი, მათ შორის მაღალი რანგის თანამდებობის პირები არიან დაკითხული”, – თქვა შოთაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირები დაიკითხნენ, შოთაძემ თქვა, რომ “დეტალებზე ვერ ისაუბრებს”.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს.