25.11.2024

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 11.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა. საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების გამო, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია.

„თუმცა კიდევ უფრო გააქტიურებული ინფლაციური რისკების ფონზე და ხანგრძლივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდა. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი აღდგენის შემდგომ, ამ მიმართულებით გარკვეული რისკები გამოიკვეთა, რაც, საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორისგან საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 54.5 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები იანვარ-თებერვალში, წლიურად, დაახლოებით 9-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (34.3 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც – 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიურად 47.2 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img