„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. მისი თქმით, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება.
“უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი და ის რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების, უკრაინის სახელმწიფოს მიმართ არის რა თქმა უნდა, დასჯის აქტი, ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია, სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც, ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა, რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არავითარი გამართლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს, უკრაინას, ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს და ყველა თვალსაზრისით ზიანი იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სამხედრო თუ სხვა, არის ძალიან მძიმე. ასევე ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, წარმოიდგინეთ სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. სახეზეა ეს მოცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის და ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას.
გუშინ მე მოვისმინე ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მოსაზრება, რომ თუ ვინმე არ არის დღეს დასჯილი და დაჩაგრული ეს არის უკრაინა, ამით ისინი ცდილობენ გაამართლონ საკუთარი განზრახვა, რაც არის ერთადერთი, რამენაირად საქართველო ჩართონ იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ახლა წარმოებს უკრაინაში, ვითარება არის ძალიან მძიმე უკრაინაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას,“- განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სასტარტო შეთავაზებაში და თუ იგივე შეთავაზებას წამოაყენებს რუსეთი საქართველოს მიმართ, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, კობახიძე პასუხობს, რომ ეს იყო არა რუსეთის, არამედ უკრაინის სასტარტო შეთავაზება და დღეს საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ თემაზე მსჯელობა რელევანტური იყოს.