„საქართველოს ხელისუფლება რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, რომ სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების მიღებაში საქართველოს ტერიტორია კონტრაბანდის მიზნით გამოიყენოს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაბანდის სახით შეტანილ პროდუქტებში შედის საბრძოლო დანიშნულების ნივთებიც.
„საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის ფედერაციამ სამხედრო, სამოქალაქო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების საკმაოდ ფართო ნომენკლატურის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსმა აგენტებმა ააგეს კონტრაბანდის არხები, რომლებიც კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. საქართველოს სპეცსამსახურებმა ქვეყნის ხელისუფლებისგან მიიღეს მითითება, რომ ამ კონტრაბანდას ხელი არ შეუშალოს“, – აცხადებს უკრაინული დაზვერვა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, კიდევ ერთი არხი, რომლითაც რუსეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდება ხდება – აღმოსავლეთ აზიაა. ამ არხით რუსეთში ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, ასევე, ელექტრონიკის და ოპტიკური მოწყობილობების მიწოდება ხდება.
ასევე, უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილება.