პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბუჩაში პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიწვევა არსებულ ვითარებაში “არარელევანტურია”.
“პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის არარელევანტური., ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები”, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები მიიწვიეს. როგორც უკრაინის საელჩოში განაცხადეს, მიწვევა გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც. შალვა პაპუაშვილს კი უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის “განუმარტებლობის ფონზე” ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია.