„ოცნების” ლიდერების განცხადებები არამხოლოდ ახლომხედველობის, არამედ საკუთარი ცხვირის წინ ვერაფრის ვერ დანახვის ნიმუშია, იმდენად ცხვირაწეული ელაპარაკებიან მთელ მსოფლიოს, რომ წარმოუდგენელ ვითარებაში აგდებენ ქვეყანას, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, ამ ტიპის თემების ისეთ დროს წამოწევა ქვეყნის მიმართ, რომელიც ფრონტის ხაზზეა და იბრძვის მათ შორის საქართველოს ხვალინდელი დღისთვისაც, მიუღებელია.
„რაც შეეხება ვიზიტს, ყველაფრის მოგვარება ჯერ კიდევ შეიძლება ისე, რომ სახელმწიფო წარმოჩნდეს სოლიდურად და გაძლიერდეს პოზიციები დემოკრატიულ სამყაროში. თუ რაიმე კითხვებია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, ესეც მუშა პროცესში უნდა მოგვარდეს. პოლიტიკური ლიდერები არ გვჭირდება იმისთვის, რომ პრობლემები გააღრმაონ. ასეთი განცხადებები არის ის, რომ ცხვირაწეული ადამიანი ვეღარაფერს ხედავ, ვერც საკუთარ ქვეყანას, ვერც საკუთარი ხალხის ინტერესებს და ვერაფერს. თუ ამ გზით ვივლით, მაშინ შეიძლება საქართველოს მთავრობა აღმოჩნდეს იმ ბანაკში, რომელიც აღარ გულშემატკივრობს უკრაინაში უკრაინის გამარჯვებას”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
სეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს მზაობა უკრაინაში უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე შედგეს ვიზიტი, თუმცა ამისთვის არსებობს მკაფიო წინაპირობები. კერძოდ, “ყველაზე პრინციპული საკითხად” კობახიძე ასახელებს იმას, რომ “დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილი”.