პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური ოპოზიციას მოუწოდებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსებაში ხელისუფებას დაეხმარონ და დროებით “პოლიტიკური ეგო” გვერდზე გადადონ.
“მინდა მოვუწოდო ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას”: ის უახლოესი 4 კვირა მაინც, რომელიც კითხვარის შევსებას უნდა დავუთმოთ, პოლიტიკური ეგო გადავდოთ და მტრობის ნაცვლად, ხელისუფლებას ამ ყველაფერში დავეხმაროთ.” – განაცხადა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, პარტია “საქართველოსთვის” “ქართულ ოცნებას” კითხვარის შევსებაში რესურსების გაერთიანებას სთავაზობს.
დეპუტატის განცხადებით, დღეს კონსოლიდაცია და გაერთიანება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, “ქართულმა ოცნებამ” ჩვენი გუნდის და ჩვენი გუნდის ლიდერის მისამართით რა ამორალური ქცევები იკადრა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო, ჩვენმა პარტიამ, მათ შორის, ჩვენი გუნდის ლიდერმა, პირადი პოლიტიკური ინტერესები გვერდით გადავდეთ და პირველი რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ “ქართულ ოცნებას” გვერდში დგომა შევთავაზეთ. არა იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ დღეს კონსოლიდაცია და გაერთიანება ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კითხვარის შესავსებად საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს, საუბარია პირველ ეტაპზე 4 კვირაზე და ამიტომაც ჩვენი გუნდი დღესაც ამ ტრიბუნის გამოყენებითაც გთავაზობთ, რომ რესურსი გავაერთიანოთ, მათ შორის, ჩვენი ადამიანური რესურსი და ექსპერტული ცოდნა დაგახმაროთ. მოგეხსენებათ, ყოფილი პრემიერის გარდა ჩვენ გუნდში ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი და ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, ვინც უსაფრთხოების საკითხებში, მართლმსაჯულების სისტემაში, ეკონომიკის მიმართულებით მუშაობას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. გაერთიანების და შინაარსობრივ რეფორმებზე საუბრის გარეშე უბრალოდ თავსაც მოვიტყუებთ და საზოგადოებასაც მოვატყუებთ, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის მიმართულებით ვმუშაობთ,“ – განაცხადა ბუჩუკურმა.