მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.
ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში გადმოსული წმინდა ცეცხლი მორწმუნეებისათვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 48-დღიანი მარხვა დასრულდა. დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და მართლმადიდებელ მრევლს ყოველგვარი საკვების მიღება შეუძლია.