უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები, ბევრია დაჭრილი – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის საკრებულო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მდგომარეობა კატასტროფულია, ადამიანებს არ აქვთ წამლები, წყალი და საკვები.
საკრებულოში აცხადებენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს ამ ადამიანების გადარჩენა.
“მეტალურგიულ ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქეა: ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია. ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში არიან, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული მდგომარეობაა სასმელ წყალთან და საკვებთან დაკავშირებით. ისინი სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ“, – ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, 1-ლი მარტიდან ალყაშია.