2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16,669 მოქალაქე, რუსეთის 43,152 მოქალაქე და ბელარუსის 19,898 მოქალაქე. 2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8,151 მოქალაქე, რუსეთის 17,201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14,030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 31,231 რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე), – ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.
უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8,657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14,593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების 14,047-ით გაიზარდა.
მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით არის გაზრდილი.
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკას აწარმოებს და ყოველთვიურად პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს მიერ ყოველთვიურად გამოქვეყნებული ანგარიშები, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ იძლევა ცალკეული ქვეყნის მოქალაქეების მიხედვით სხვადასხვა მახასიათებლების (ასაკი, სქესი, სასაზღვრო პუნქტი, საზღვრის კვეთაზე უარის თქმის და ა.შ.) დეტალურ სტატისტიკას. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. შესაბამისად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემომსვლელთა მხოლოდ რიცხობრივი მაჩვენებლების ტენდენცია შესაძლებელია არ იძლეოდეს რეალურ სურათს მომდინარე გამოწვევების შესახებ. ამასთან, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ყოველი წლის მარტის თვეში არსებობდა განსხვავებული გარემოებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდა ქვეყანაში ვიზიტორთა რიცხვზე. მაგალითად, 2022 წლის მარტში კვლევის ობიექტი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე საფრთხეები, მაშინ როდესაც 2021-2020 წლების მარტის თვეებში პანდემიის გათვალისწინებით არსებობდა საზღვრის კვეთაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ 2022 წლის მარტის თვეში საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქეების შემოსვლის მაჩვენებელს (16,923 საზღვრის კვეთა, 16,669 უნიკალური ვიზიტორი) აღემატება როგორც რუსეთის (45,068 საზღვრის კვეთა, 43,152 უნიკალური ვიზიტორი) ასევე, ბელარუსის (20,029 საზღვრის კვეთა, 19,898 უნიკალური ვიზიტორი) მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის მაჩვენებლები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მოქალაქეების 2022 წლის მარტში ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის მაჩვენებლებს შორის სხვაობა აღემატება უკრაინის მოქალაქეების მაჩვენებელს. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოვიდა უკრაინის 8,151-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა, რუსეთის 17,201-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა ვიდრე გავიდა, ხოლო ბელარუსის 14,030-ით მეტი მოქალაქე ვიდრე გავიდა. ამავე კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.
„მაგალითად, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დაახლოებით 60% , ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 40% არის მამრობითი სქესის. აღნიშნული სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ქვეყანაში შემოსული სრულწლოვანი მოქალაქეების შემთხვევაში. კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული სრულწლოვანი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ასევე 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის. საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს, შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი. 18-დან 60-წლამდე მამაკაცების წილი საქართველოში 2022 წლის მარტში შემოსული უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებში შეადგენს 54%-ს, რუსეთის მოქალაქეებში 85%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეებში 89%-ს“, – ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%) , ყაზბეგის (28%) და სადახლოს (20%) სასაზღვრო პუნქტებიდან. უკრაინის მოქალაქეების ყველა დიდი წილი სარფის (28%) და ყაზბეგის (23%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%) და ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტიდან (20%).
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის და დარჩენის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მნიშვნელოვან გამოწვევად შესაძლებელია შეფასდეს ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნულ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიან კონტროლს და საფრთხის შემცველი პირების ქვეყანაში შემოშვების პრევენციას. IDFI-მ წინამდებარე ანალიზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკური მაჩვენებლები. როგორც ირკვევა 2022 წლის მარტის თვეში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს, უკრაინის 65 მოქალაქეს, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, ქვეყანაში შემოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 0,75%-ს ეთქვა უარი, უკრაინის მოქალაქეების 0,38%-ს, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 0,08%-ს.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 2022 წლის მარტში როგორც რაოდენობრივად, ასევე პროცენტულად ქვეყანაში შემოსვლაზე უფრო მეტი უარი ეთქვა უკრაინის მოქალაქეებს ვიდრე ბელარუსის მოქალაქეებს. ასევე, ბოლო 4 წლის შესაბამის პერიოდებში უკრაინის მოქალაქეებზე 65 უარის შემთხვევა (მსურველთა 0,38%) ყველაზე მაღალი პროცენტია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, 2022 წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის 65 შემთხვევიდან 38 იყო მამრობითი სქესის, ხოლო 27 მდედრობითი. ამასთან, ერთ შემთხვევაში უარი ეთქვა არასრულწლოვანს, კერძოდ, 7 წლის ბავშვს, ხოლო 3 შემთხვევაში 60 წელს გადაცილებულ პირს. უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.