“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებებს რეალობასთან აცდენილს უწოდებს. როგორც ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს დასცინის.
“მე დიდი ხანი ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში. შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო იყოს, რომ კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს თუ არა საქმე, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ეუბნება, რომ ეს რეალობაა. ეს ვერსიაც ლეგიტიმურია. მგონი, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს, ძალაუფლებით გარყვნილ, შეუფერებელ ადგილზე მყოფი ადამიანის მხრიდან თავის თანამოქალაქეებზე დაცინვას”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ისაუბრა.
„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“. – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.