უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების თავიდან არიდებას ცდილობს. მათი თქმით, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტისთვის.
უწყების თქმით, პროდუქციის მიწოდება იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის გამოყენებით და ასე გატანა მესამე ქვეყნებში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ასეთი კომპანიაა შექმნილი.
„სომხეთი რუსული კომპანიების ბიზნესს ხელსაყრელ პირობებს უქმნის. პირველ რიგში, ეს ეხება IT სექტორს. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის დაახლოებით 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია სომხეთში ჩავიდა. რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის – სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში“, – აღნიშნულია უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის წამყვანი რუსული მწარმოებელი – „ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა“ ყაზახეთს გერმანული წარმოების კომპონენტების მისაღებად იწვევს.