რუსულმა ჯაშუშურმა თვითმფრინავმა დანიისა და შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მომხდართან დაკავშირებით ორივე ქვეყანა რუსეთის ელჩებს იბარებს.
დანიის თავდაცვის სარდლობის განცხადებით, სადაზვერვო თვითმფრინავი დანიის საჰაერო სივრცეში „ძალიან მოკლე დროით“ იმყოფებოდა. უწყების თანახმად, დანიურმა F-16 თვითმფრინავებმა მომხდარზე რეაგირება
დაუყოვნებლივ მოახდინეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მსგავსი შემთხვევები იშვიათია.
„რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად მიუღებელი და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებით შემაშფოთებელია, – განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეპ კოფოდმა.
დანია ნატოს წევრია, შვედეთი კი ალიანსში გაწევრიანებას ახლა განიხილავს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ინციდენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების დისკუსიას უკავშირდება.