იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება – იმის მიუხედავად, რომ არსებობს სურვილი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, მისი გადამოწმება მოხდეს, არ შემთხვევაშიც პირდაპირ განცხადების გაკეთება არ მოერიდნენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
პაპუაშვილის შეფასებით, იქმნება ყალბი წარმოდგენები, თითქოს საქართველოს რუსეთთან რაიმე გვერდით მოლაპარაკებებში არის ჩართული, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დეზინფორმაციული კამპანიაა.
„სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის.
არ ვიცი, რა არის ამ განცხადების მიზანი, მაგრამ ეს უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში არ არგებს – პირველი ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ამ ინფორმაციას რაიმე განმარტებები არ მოჰყვა. ეს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამხოლოდ საქართველოში არ აზიანებს – ასეთი განცხადებები საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად კეთდება და როცა ამის უკან არაფერი დგას, ნდობას ამცირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.