რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, 9 მაისს უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულ საომარ მოქმედებებს რუსეთი დღემდე უწოდებს არა ომს, არამედ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, რომლის მიზანია უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალური პირები დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ 9 მაისს, როცა რუსეთი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მის სიმბოლურ მნიშვნელობას პუტინი პროპაგანდისთვის გამოიყენებს და უკრაინაში ან სამხედრო წარმატების მიღწევის, ან საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შესახებ გამოაცხადებს.
ბოლო ხანს, ოფიციალური პირები უფრო მეტად განიხილავენ მეორე სცენარს – რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადებას, რაც პუტინს მისცემს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებასაც, გამოაცხადოს რეზერვისტების და წვევამდელების მობილიზაცია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა გასულ კვირაში, რადიოსადგურ LBC-სთან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ პუტინი 9 მაისს გამოიყენებს იმის სათქმელად, რომ რუსეთი „მსოფლიოს ნაცისტებთან ომის მდგომარეობაშია“ და ამიტომ, საჭიროა რუსი ხალხის მასობრივი მობილიზაცია.
დასავლეთის ოფიციალური პირები 9 მაისისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ. მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ანექსირებას და მასშტაბურ შეტევას ქალაქ ოდესაზე.
2 მაისს, ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ აქვთ დაზვერვის სანდო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი მაისის შუა რიცხვებში შეეცდება ლუგანსკის და დონეცკის ანექსირებას. არის იმის ნიშნებიც, რომ რუსეთი დონეცკის და ლუგანსკის მსგავსად ე.წ. სახალხო რესპუბლიკად გამოაცხადებს უკრაინის კიდევ ერთ ოლქს – ხერსონს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, არსებობს ყველა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ რუსეთი 9 მაისს გამოიყენებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
წყარო: radiotavisufleba.ge