ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პური და პურპროდუქტები 28.8%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 24.1%-ით, ზეთი და ცხიმი 20.8%-ით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.3%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ იქონია, რაც 21.3 პროცენტით არის გაზრდილი და წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა.
ამასთან, საქსტატის“ ცნობით, თევზეულზე ფასმა 18.9%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი – 18.0%; ყავა, ჩაი და კაკაო – 17.6%; ხილი და ყურძენი 14.4%; ხორცი და ხორცის პროდუქტები -10.9%. რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფასები გაიზარდა 22.4 %-ით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.
„ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4 პროცენტიანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.