ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო 50 წლის წინანდელი გადაწყვეტილების – აბორტის ფედერალურ-კონსტიტუციური უფლების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას და პირველად დოკუმენტს გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების პირველადი დოკუმენტი მოსამართლე სამუელ ალიტომ დაწერა და გაავრცელა სასამართლოში.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე “რო უეიდის წინააღმდეგ”, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალებს აბორტის კონსტიტუციური უფლება აქვთ. Politico-ს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ხუთმა კონსერვატორმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ ჩამონათვალს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აბორტების თაობაზე გადაწყვეტილება ხალხის მიერ არჩეულებმა უნდა მიიღონ, რაც ტექნიკურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება შტატების პარლამენტების დონეზე მიიღება.
“როე თავიდანვე სასტიკად ცდებოდა”. – აცხადებს ალიტო.
1992 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსაზრება, რომ ქალის უფლება, აირჩიოს აბორტი, კონსტიტუციურად არის დაცული. ასევე, გააუქმა აბორტის შეზღუდვების გადახედვის მკაცრი კონტროლის სტანდარტი.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება “რო და კეისის” საქმეზე უნდა გააუქმონ. დროა, მივხედოთ კონსტიტუციას და დავუბრუნოთ აბორტის საკითხი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს.” – წერს ალიტო დოკუმენტში.
Politico-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტი არის სამუშაო ვერსია და მოსაზრებები შეიძლება შეიცვალოს.
აბორტის აკრძალვის თემა აშშ-ის საზოგადოებაში ტრადიციულად ძლიერ პოლარიზაციას იწვევს. მოელიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პროტესტის ტალღას გამოიწვევს. ამაზევე მეტყველებს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილების პროექტის გაჟონვაც, რაც Politico-ს თანახმად, პირველი ასეთი შემთხვევაა.