საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის “ახალი კვირა” ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ ტელევიზია დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან “მედიაჩეკერს” განუცხადა და გადაწყვეტილების წინაპირობებზეც ისაუბრა.
“ბოლო დღეებია, ჩემთვის ტოქსიკური გარემოა, რადგან ორი თანამშრომლისგან სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ცილისწამების მსხვერპლი გავხდი.
სამსახურში ბულინგის ასეთი პრეცედენტი ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, — “მედიაჩეკერის” ცნობით, ამ განმარტებით დაწერა თუთბერიძემ სამსახურიდან წასვლაზე განცხადება.
აღნიშნულს წინ უძღოდა “ახალი კვირის” იმ თანამშრომელთა გათავისუფლება, რომელთაც მაუწყებლის მენეჯმენტი გადაცემისადმი ცენზურის მცდელობებში დაადანაშაულეს.
თუთბერიძე ახსენებს მასზე “წნეხსა” და “შემაწუხებელ კონტროლს”, რის გამოც, როგორც ამბობს, მუდმივად ფიქრობდა სამსახურის დატოვებაზე.
“…მაგრამ მაკავებდა იმაზე ფიქრი, რომ ეს კომპრომისი იქნებოდა. ეს ხომ კერძო ტელევიზია არ არის.
თუმცა ეს კონტროლი ისეთი შემაწუხებელი იყო, ყოველდღე ვფიქრობდი წამოსვლაზე. მალევე ვასილ მაღლაფერიძე გადადგა და იმედი გამიჩინა თინათინ ბერძენიშვილის დირექტორად არჩევამ. ჩემთვის იგი, თავისი ღირებულებათა სისტემით, ძალიან მისაღები დირექტორი იყო.
2017 წლის დასაწყისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე ისე ვიმუშავე „მოამბეში“, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის ერთი მცდელობაც არ მახსენდება.
2019 წლიდან კი, როცა “ახალ კვირაში” გადავედი და ანალიტიკურ მასალებზე დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა დაიწყო ზეწოლა, თითქოს, ხიბლში შედიოდა ეს კონტროლი”, — აღნიშნავს ის.
მისივე სიტყვებით, “კონტროლის სისტემის ავტორი” იყო ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 2017-2020 წლებში მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, “ზეწოლის გამტარი” კი — “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა შონია.
მისივე თქმით, მკაცრად აკონტროლებდნენ რესპონდენტების სიას და ასევე იყო “ფეისბუქ აქტივობების – ლაიქების, სტატუსების აქტიური კონტროლიც”.
თუთბერიძე ასევე საუბრობს შემთხვევაზე, როცა, მისი თქმით, სიუჟეტი დაუბლოკეს. როგორც ჰყვება, სიუჟეტი ეხებოდა საბჭოთა ჯარის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ცენტრალურ ევროპასა და ბერლინში.
სანამ სიუჟეტი ეთერში გავიდოდა, თუთბერიძემ ამ თემაზე პოსტიც დაწერა, რასაც, მისი თქმით, მოჰყვა ზარი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელისგან.
“გადაცემა კვირას, 10 მაისს გადიოდა და სიუჟეტიც ამ დღეს უნდა გასულიყო ეთერში. 9 მაისს ფეისბუქზე დავწერე სტატუსი იმავე შინაარსით, რა პათოსითაც ვაკეთებდი სიუჟეტს.
დამირეკა ეკა შონიამ, ძალიან აღელვებული მომეჩვენა. მითხრა, ვასიკომ [მაღლაფერიძემ] დამირეკა და გაგიჟდა შენი სტატუსის გამოო.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სიუჟეტის დაბლოკვა ნებისმიერი მიზეზით, მით უმეტეს, ფეისბუკ პოსტის გამო იბლოკებოდა სიუჟეტი, რომელიც დირექტორს ნანახიც არ ჰქონდა. მე ვითხოვდი არგუმენტებს, რა ნაკლი ჰქონდა სიუჟეტს და რატომ ვერ გავიდოდა ეთერში.
არგუმენტი იყო, რომ ეს სიუჟეტი ვეტერანების წვლილს დააკნინებდა. სიუჟეტი მაინც დავამონტაჟე, იმედით, რომ გავიდოდა ეთერში, დავადეთ პირველი არხის ლოგო ვების ვერსიისთვის, მაგრამ არ გასულა. პროდიუსერებმაც იცოდნენ, რომ სიუჟეტს ვამონტაჟებდი.
მაშინ „ახალი კვირის“ გუნდში ვთქვი, რომ ამ ამბავს ასე მარტივად არ გავატარებდი და, თუ საჭირო გახდებოდა, გავასაჯაროვებდი. მართლაც, მალევე არაერთ ადამიანს არასამთავრობო სექტორში შევატყობინე ფაქტის შესახებ, თუმცა, ინფორმაცია არ გავასაჯაროვეთ.
ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩემი სიუჟეტის გატანა ვერ მოვახერხე”, — თქვა მან.
მისი თქმით, ამის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძემ თათბირიც ჩაატარა, სადაც ამტკიცებდა, რომ ამ თემით საზოგადოებრივ მაუწყებელს პრობლემა შეექმნებოდა.
“მიხსნიდა, რომ მსგავსი ნარატივი ყოვლად მიუღებელია – შეფარულად ნაცისტური და 9 მაისს ეს სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. ასევე, დიდაქტიკური ლექცია წაგვიკითხა იმაზე, თუ როგორ უნდა ვაკონტროლოთ ფეისბუქ პოსტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა.
ფაქტობრივად, ითხოვდა, რომ სტატუსიც წამეშალა. ეს პოსტი არ წამიშლია და ჩემს გვერდზე დღემდე იძებნება”, — დასძენს თუთბერიძე და ამატებს, რომ ამ თათბირის შემდეგ “ათმაგად გაძლიერდა” მისი კონტროლი, განსაკუთრებით, “ფეისბუქ სტატუსების და კომენტარების ირგვლივ”.
თუთბერიძე აკრიტიკებს როგორც “ახალი კვირის” ჟურნალისტთა ნაწილის გათავისუფლების ფაქტს, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძის დაბრუნებას.
მაღლაფერიძე, რომელიც მაუწყებლის გენდირექტორობის შემდეგ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში საქმიანობდა, მიმდინარე წლის აპრილში საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
“მედიაჩეკერის” ჟურნალისტის კითხვას — “გამოდის, რომ თქვენი ტელევიზიიდან წასვლის მიზეზი ვასილ მაღლაფერიძის დაბრუნება და თქვენი თანამშრომლების უსამართლოდ გაშვება გახდა?” — თუთბერიძე ასე პასუხობს:
“კი, ნამდვილად. კიდევ ერთი მიზეზი იყო ტოქსიკური გარემო, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა”.
როგორც ჰყვება, მას შემდეგ, რაც თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება სოციალურ მედიაში დაწერილი კომენტარით გააპროტესტა, ერთ-ერთი თანამშრომელი ოთახში შეუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა.
რა ხდებოდა მანამდე
“ახალი კვირის” ბოლო ეპიზოდი ეთერში 2021 წლის 26 დეკემბერს გავიდა, გუნდის მიმართ ცენზურის შესაძლო მცდელობების საკითხზე საუბარი კი მიმდინარე წლის თებერვალში, გადაცემის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას საჯარო განცხადებების შემდეგ გააქტიურდა.
მან თქვა, რომ მანამდე წარმომადგენელთა მხრიდან იყო “კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა” და არსებობდა ე.წ. შავი სიები, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომელთანაც არხი არ თანამშრომლობდა/არ უთმობდა ეთერს.
დარსალიას ამ კომენტარების შემდეგ, გადაცემის გუნდმა ორი განცხადება გაავრცელა. ორმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა თქვეს, რომ გადაცემაში ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები, მეორე განცხადების ხელმომწერებმა კი ეს უარყვეს.
გადაცემის ზოგიერთი ჟურნალისტის ხელმოწერა ამ ორი განცხადებიდან არცერთზე არ ფიქსირდებოდა. მათ შორისაა ქეთი თუთბერიძე.
მეორე მხრივ, 28 აპრილს “ნეტგაზეთში” გამოქვეყნდა ინტერვიუ გადაცემის ყოფილ ჟურნალისტთან, სოფო მთივლიშვილთან, რომელმაც დაადასტურა ცენზურის მცდელობები.
თუთბერიძის მსგავსად, ცენზურის მცდელობების კონტექსტში ეკა შონია მთივლიშვილმაც ახსენა. “ნეტგაზეთი” შონიას დაუკავშირდა საპასუხო კომენტარის მოსასმენად.
“არ გავაკეთებ მსგავს სისულელეებზე არანაირ კომენტარს”, — გვიპასუხა მან, როდესაც ვუთხარით, რომ სოფო მთივლიშვილი ცენზურის მცდელობაში ადანაშაულებს მენეჯმენტს.
რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ სხდომაზე მას ე.წ. შავი სიების არსებობაზეც ჰკითხეს, რის საპასუხოდაც მაღლაფერიძემ თქვა, რომ “ეს არის აბსურდი”.
29 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა როგორც იმედა დარსალია, ისე თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი.
მაუწყებლის მენეჯმენტმა თებერვალში გავრცელებული განცხადებით უარყო როგორც ცენზურის მცდელობები, ისე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია. მენეჯმენტმა თქვა, რომ არხი მაყურებელს გადაცემის განახლებულ ფორმატს შესთავაზებდა, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.
თუმცა იმედა დარსალიამ 2 მაისს, მისი გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ როგორც არხზე დარჩენილ თანამშრომლებს უთხრეს, “ახალი კვირა” ეთერში აღარ დაბრუნდება. ამ ინფორმაციის გადამოწმება “ნეტგაზეთმა” ამაოდ სცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან.
ცნობილია, რომ ცენზურის მცდელობების შესახებ აწ უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტების განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს.
იმედა დარსალიას თქმით, მოკვლევა ჟურნალისტების საჯარო განცხადებებიდან თვენახევრის შემდეგ დაიწყო და “მხილებული თანამდებობის პირები დროებით, მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებულან დაკავებული პოზიციებიდან”.
წყარო: netgazeti.ge