უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისის 07:00 საათიდან შეაჩერებს გაზის ტრანზიტს ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სადგურების გავლით.
ოპერატორი კომპანიის განცხადებით, „სოხრანოვკის“ სადგურისა და „ნოვოპსკოვის“ კომპრესორული სადგურის გავლით გაზის შემდგომი ტრანსპორტირება შეუძლებელია ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია ვერ ახერხებს „ნოვოპსკოვის“ სადგურისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სხვა აქტივების გაკონტროლებას, ამიტომ გაზის მიღებაზე უარს ამბობს.
ლუგანსკის ოლქის გავლით რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის თითქმის მესამედი – დღეში 32,6 მილიონი კუბური მეტრი შედის. უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა შესთავაზა რუსულ მხარეს, გადაიტანონ გაზის შესაბამისი მოცულობა „სუჯას“ სადგურზე, რომელიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.