ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი დარღვეული ხელშეკრულებაა.
“ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო დანიშნული. ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც წარმოეშვა 5 მილიონ აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა “რუსთავის 2″-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. ვინც არის დაზარალებული ამ შემთხვევაში, ეს არის ნიკა გვარამია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ პასუხს”, – აღნიშნა საძაგლიშვილმა.
2019 წლის ივლისში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ “რუსთავი 2”-ის მფლობელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გახდა. ხალვაშმა გვარამია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და არხის სხვა ჟურნალისტები, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია.
მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მელაძისა და ჟორჟოლიანის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და რუსთავი 2-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.