საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერის გოგა მელიქიძის განაცხადებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებს ამცირებს და შესაძლოა, მიმდინარე თვეში ამ ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს ვერც გადააჭარბოს. საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა წაგებაზე გავიდეს. ამის შესახებ მელიქიძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
საპენსიო ფონდის შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. ფონდის თანახმად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% იყო. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.
„დღესდღეობით ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და ჩვენი მიზანია, რომ მას ვაჯობოთ, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში საპენსიო ფონდის რეალური მოგება მნიშვნელოვნად მცირდება. დავამატებდი, რომ შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში ანუ მიმდინარე თვეებში მოგება კიდევ უფრო შემცირდეს, ან საპენსიო ფონდი წაგებაზე გავიდნენ. ჩვენი აზრით ახლა ინფლაცია პიკზეა და მის მნიშვნელოვან ზრდას აღარ ველოდებით. როგორც უკვე გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ისევ მაღალ ნიშნულზე იქნება, მაშინ საპენსიო ფონდი წაგებაზე იქნება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
გოგა მელიქიძე ასევე აღნიშნავს, რომ მოცემული პრობლემის დაზღვევისთვის საპენსიო ფონდი თავისი პორტფელს ინვესტიციის სახით უშუალოდ აქციებში გაუშვებს, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია ხალხის ფულის დაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა.
“მაღალი ინფლაცია რომ დავაზღვიოთ, ამისთვის ჩვენი აქტივები უნდა გადავანაწილოთ აქციებში, რადგან აქციებია ყველაზე სწორი დაცვა ინფლაციისგან. როცა ქვეყანაში ასეთი მაღალი ინფლაციაა, მას უბრალოდ, ვერ დაიჭერ ფიქსირებული შემოსავლით, ან მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ამ ეტაპზე პროტფელის 10% არის აქციებში, თუმცა უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი 20%-მდე გაიზრდება“, – აღნიშნა გოგა მელიქიძემ.
2022 წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოში 2.43 მილიარდი ლარის აქტივები ინახება. ამ თანხიდან 2.07 მილიარდი ლარი მოქალაქეთა საპენსიო შენატანებია, 360 მილიონი ლარი კი მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო.
საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.