„ირაკლი კობახიძე ისეთი გამწარებული გამოვარდა ყაველაშვილის წერილზე დეგნანის რეაქციის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ ეს მისი დაწერილი იყო“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, რიტორიკა, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოს ჩართვა უნდა, „ფეესბეს“ სპეცოპერაციაა.
„ირაკლი კობახიძე ისეთი გამწარებული გამოვარდა ყაველაშვილის წერილზე დეგნანის რეაქციის შემდეგ, სრულიად ცხადი გახდა, რომ ეს მისი დაწერილი იყო. ყაველაშვილს წაკითხულიც არ ჰქონდა ეს წერილი, ბოლომდე ამ წერილს ნამდვილად ვერ წაიკითხავდა თვითონაც.
ეს ნარატივი, რის გამოც ეს ხალხი გავიდა ვითომ პარტიიდან, დამახასიათებელია „ქართული ოცნებისთვის“. ერთადერთი რაც ამათ შეიძლება გაეკეთებინათ დამატებით, ეს იყო, რომ სახელები და გვარები დაესახელებინათ ვინ ითხოვდა დასავლეთიდან ომს. ერთი გვარი გვითხრან დასავლეთიდან ვინ ითხოვს ომს.
ვერ დაასახელებენ კონკრეტულ ადამიანებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ დასავლეთში არავინ არ ითხოვს ომს. ეს არის წმინდა წყლის, „ფეესბეს“ სპეცოპერაცია. ადრე „კაგებე“ ატარებდა ასეთ ოპერაციას და ახლა „ფეესბე“ არის იგივე ტრადიციების გამგრძელებელი. აი, ამ მატრიცაში ჩასხდნენ მთლიანად.
ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეალურად არის დიდი ბლეფი, დასავლეთი ჩვენგან არანაირ ომს არ ითხოვს, არც არასდროს მოუთხოვია, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული ნაბიჯი, რაც მხოლოდ რუსეთისთვის არის მაამებლური და სქემაში ჯდება, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ინტეგრირება მოხდეს ე.წ. რუსულ სამყაროში. ეს არის მეტი არაფერი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.