მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩაწერა.
„დადგა ის დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის.
გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა.
მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ.
მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის!” – ამბობს ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოსამშვიდობებელ ვიდეო მიმართვაში.